ავტორი ბაჩო ტურაშვილი
„მოთხოვნა იმდენად დიდი აღმოჩნდა, კინოდარბაზი მაყურებელს (ბავშვებს) ვერ იტევს“
ეროვნული არქივის კინოთეატრში ქართული ანიმაციური ფილმების კვირეული მიმდინარეობს, რომელიც ამა წლის 22 მარტს დაიწყო და სწორედ ხვალ, 28 მარტს დასრულდება. პროექტი „რე-ანიმაცია“, ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანას, რესტავრაციასა და კინოთეატრში ჩვენებას ითვალისწინებს. პროექტი ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თანამშრომლობით განხორციელდა, რომელსაც საზოგადოებაში დიდი დაინტერესება მოჰყვა.
სწორედ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, პროექტის ფარგლებში მეც დავსწრებოდი კინოჩვენებას და საქართველოს ეროვნული არქივისაკენ გზას გავუყევი. ქუჩების - ვაჟა ფშაველასა და პეკინის მიმდებარედ, ბავშვთა სიმრავლე ნამდვილად მოასწავებდა იმას, რომ ყველა თუ არა, მათგან უმრავლესი, ფილმის სანახავად მიეშურებოდა. გზად ერთ-ერთ მშობელს გამოველაპარაკე:
- თქვენ, ალბათ, „რე-ანიმაციის“ კვირეულის ფარგლებში მიგყავთ ბავშვები ფილმის სანახავად...
- დიახ, როგორც გავიგეთ, დასწრება უფასოა და ვცდილობ, ვინც მყავს გარშემო, ყველას გავაგებინო. შვილები ერთხელ უკვე მყავდნენ და ახლა უკვე მეზობლებთან ერთად მოვდივართ, ბავშები წამოვიყვანეთ. პროექტი ძალიან მოგვწონს და სასურველია, გაგრძელდეს კიდევ. როგორც ვიცი, ძალიან ბევრს აქვს ჩვენებაზე დასწრების სურვილი, წინა სეანსზე ადგილებიც კი აღარ დარჩა.
მართლაც და, ეროვნული არქივის კინოდარბაზში შესვლისთანავე, ბავშვების სიმრავლე შეიმჩნევა, უფრო სწორად, ტევა არ არის, დარბაზი გადაჭედილია. რამდენიმე ბავშვი დარბაზს მიღმაც დარჩა სწორედ ამ მიზეზის გამო. დარბაზში მულტიპლიკაციური ფილმის ჩვენება როგორც კი დაიწყო, ბავშვებმა ყიჟინა ატეხეს, ისმოდა შეძახილები: „აუ, „წუნა და წრუწუნააა“, „რა მაგარიააა“, „ნახე, რამხელები არიან“...
ამასობაში უკნიდან რამდენიმე შეძახილი ჩემი მისამართითაც გაისმა: „აუ, გვეფარები“, „დაჯექი რა, ვერ ვხედავთ“. გაგეცინებათ და, დასაჯდომიც არსად იყო, ეგ კი არა, როგორც იტყვიან, ნემსი არ ჩავარდებოდა არსად, სადაც 1 წლის ასაკიდან 17 წლით დამთავრებული, ყველას ერთად მოეყარა თავი.
მეც ასე, მორჩილად გამოვედი კინოდარბაზიდან და ფოიეში გადმოვინაცვლე, სადაც ის ბავშვები იყვნენ მშობლებთან ერთად, რომელთაც ჩვენებაზე დასწრება ვერ შეძლეს.
ბავშვებს კინოჩვენების ორგანიზატორები აიმედებდნენ, რომ ხვალ შეძლებდნენ დასწრებას 19 საათზე, ოღონდ ესაც იმ შემთხვევაში, თუკი სხვებზე ადრე მოვიდოდნენ და თავისუფალ ადგილებს დაიკავებდნენ. იქვე მდგომ მასწავლებელს გამოველაპარაკე, რომელსაც ბავშვები შემოსვლისთანავე დიდი ემოციებით შეხვდნენ. როგორც ქალბატონი ნაზი აღნიშნავს, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სასურველი იქნებოდა, რომ „რე-ანიმაციის“ კვირეული გაგრძელებულიყო:
„სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ყველა ბავშვის შეყვანა ჩვენებაზე. ნაწილი გარეთ დარჩა. მოხარული ვარ მსგავსი პროექტების და რაც უფრო მეტ ეროვნულ საქმეში ჩაერთვებიან და მეტი ეცოდინებათ ჩვენი წარსულის შესახებ, მით მეტად გაუჯდებათ ქართულისადმი სიყვარული. ხვალ ვეცდებით, უფრო ადრე მოვიდეთ და შევძლოთ დასწრება, თუმცა, უფრო სასურველი იქნებოდა, „რე-ანიმაციის“ ჩვენება გაგრძელებულიყო და უფრო მეტ ბავშვს ჰქონოდა შესაძლებლობა, ეს უძვირფასესი ქართული მულტიპლიკაციური ფილმები ენახა“.
ამხელა დაინტერესებიდან გამომდინარე, კითხვით - შესაძლოა თუ არა გაგრძელდეს „რე-ანიმაციის“ პროექტის ფარგლებში კინოჩვენება, ნინო ძანძავას მივმართე, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის, კინო-ფოტო-ფონოარქივის დირექტორის მოადგილე გახლავთ. როგორც ნინო ძანძავა ჩემთან საურისას განმარტავს, ისინი ამხელა დაინტერესებას არ ელოდნენ და გამომდინარე იქიდან, რომ კინოჩვენება უფასოა, შესაძლოა, ამანაც შეუწყო ხელი დასწრების მსურველთა რაოდენობის გაზრდას. ამასთან, ძანძავა აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ქართული მულტიპლიკაციური ფილმების „რე-ანიმაციის“ პროექტი გაგრძელდეს და მომავალშიც შესთავაზონ დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ტიპის ფილმების ჩვენება.
„რე-ანიმაციის“ ფარგლებში მიმდინარეობს 9 მულტიპლიკაციური ფილმის ჩვენება. თითოეულ სეანსზე წარმოდგენილია ფილმები: „წუნა და წრუწუნა“ (1962 წელი); „ბომბორა სწავლას იწყებს“ (1973 წელი); „სახლობანა“ (1973 წელი); „საზამთრო“ (1974 წელი); „თერძი ბესო“ (1977 წელი); „ ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი“ (1983წელი); „ყარყატის შვილობილი“ (1985 წელი); „მძლეთამძლე“ (1991 წელი); „სანუკვარი ოცნება“ (1989 წელი), რომელიც საქართველოში არსებული ასლების საფუძველზე აღვადგინეთ. ეს არის ის მულტფილმები, რომლებიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ასე რომ, მოხარულები ვართ იმ დაინტერესების გამო, რომელიც საზოგადოებაში ამ პროექტმა გამოიწვია. ამასთანავე მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო პროექტის პირველი ეტაპი და შემდეგში უკვე, შეძლებისდაგვარად მომზადებულნი შევხვდებით საზოგადოების შესაძლო ინტერესს, რათა უკმაყოფილო არავინ დარჩეს და შესაძლებლობა მიეცეთ, ნახონ ესა თუ ის ფილმი. ფაქტია, რომ მოთხოვნა იმდენად დიდი აღმოჩნდა, კინოდარბაზი მაყურებელს ვერ იტევს“, - აღნიშნა ნინო ძანძავამ.
რეპორტაჟის დასასრულს, შეგახსენებთ, რომ „რე-ანიმაციის“ გახსნის ცერემონიას (22 მარტი) იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ესწრებოდა.
„ვაგრძელებთ ეროვნული არქივის ხელშეწყობას, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ორგანიზაციაა. შარშან ჩავდეთ დიდი ინვესტიცია ტექნოლოგიებში, აპარატურაში, იმისთვის, რომ ეროვნული არქივის განახლებულ კინოდარბაზში გვეჩვენებინა ჩვენი ახალი თაობისთვის ცხრა მულტფილმი, რომელთა უმრავლესობაც ჩვენი ბავშვობისდროინდელია. აღვადგინეთ ფერები და ხმა „ქართულ ფილმთან“ თანამშრომლობით. ეს არის მულტფილმები, რომლებიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. იქნება ეს „წუნა და წრუწუნა“, „ბომბორა“, „თერძი ბესო“ თუ სხვა. დღეს ვხედავთ აქ ბავშვებს, რომლებიც ხალასი და ახალი, ნამდვილი ფერებით უყურებენ მულტფილმებს ულტრათანამედროვე კინოდარბაზში. იმედი მაქვს, დღევანდელი დღე ამ ბავშვების მეხსიერებაზე დიდ გავლენას მოახდენს, შთაბეჭდილებებით დაბრუნდებიან შინ. ველოდებით ბავშვებს მშობლებთან ერთად ახალი რეანიმირებული ფილმების სანახავად“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.