logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი სერბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
- +

25 აპრილი. 2019. 11:51

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი მიიღო.

 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ სერბეთი ყოველთვის, ყველა დონეზე, ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭერს მხარს.

 

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობას ორმაგი სტანდარტი აქვს.

 

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია კოსოვოსთან მიმართებაში უცვლელია და საქართველო მხარს უჭერს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

 

სალომე ზურაბიშვილმა ბორდერიზაციის პროცესთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა ჩავიდეს საოკუპაციო ხაზთან და პირადად გაეცნოს არსებულ მდგომარეობას.

 

საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სერბ სტუმარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ და ბოლო პერიოდში ადამიანების გატაცებების ფაქტებზე ისაუბრა.

 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსახლეობას შეუფერხებლად, თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვს.

 

სალომე ზურაბიშვილმა ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საჭიროა, ჟენევის ფორმატმა უფრო მაღალი დონის პოლიტიკური სახე მიიღოს. მხარეებმა ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში ურთიერთობების განვითარების საკითხებზეც იმსჯელეს.

 

ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner