„მოლოდინი, რომ ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების შემდეგ რუსეთი მყისიერ რეაგირებას მოახდენს, რასაკვირველია, არავის აქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ევროპის საბჭომ გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებულ ანგარიშთან „კონფლიქტი საქართველოში“ დაკავშირებით განაცხადა.
„თუმცა სწორედ ასეთი მოწოდების იგნორირება გახდა და არის იმ პროცესის საფუძველი, რასაც ჰქვია რუსეთის მიერ პოლიტიკური და ეკონომიკური ფასის გადახდა საქციელზე, რასაც რუსეთი ჩადის არა მარტო ჩვენს რეგიონში, საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ეს გლობალური მასშტაბის დაპირისპირებაა. სამწუხაროდ, საქართველო ამ დაპირისპირების სეგმენტია, მაგრამ რეალურად მსოფლიო ასეთ გამოწვევებს გვთავაზობს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სწორი პოზიცია სტაბილურობის შენარჩუნებას განაპირობებს.
„ოკუპირებულ რეგიონში რომ წვრთნა არ იყოს და ამას ხელისუფლებამ დაუპირისპიროს ღონისძიება, რათა წვრთნა შეწყდეს, ასეთი მექანიზმი არ არსებობს. პრობლემა სიღრმისეულია. მსოფლიო დაპირისპირების მომსწრე ვართ. არასტაბილური მსოფლიო განაპირობებს იმას, რომ პატარა რესურსის მქონე ქვეყნებმა ეკონომიკური ზრდა და პარტნიორებთან საუკეთესო ურთიერთობები უნდა შეინარჩუნონ. უარი არ უნდა თქვან და საგარეო ურთიერთობებში მთავარ მიმართულებას არ გადაუხვიონ, რასაც ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია. ამასთან, ურთიერთობის გარკვეული, თუნდაც ვიწრო სეგმენტი რუსეთთან უნდა შეინარჩუნონ, რომელიც ოკუპანტი და აგრესორია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, ეს რეალობაა და ამას ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს.
„თუმცა, ქვეყანამ ამასობაში თავისი ინტერესი, დემოკრატიული ინსტიტუტები და ეკონომიკა უნდა განავითაროს და უკეთეს მომავალს დაელოდოს, ვინაიდან პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან დიდი და შეუქცევადია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ევროპის საბჭომ გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირმა საკუთარ განცხადებაში სინანული გამოთქვა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღის წესრიგის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო, მათ შორის 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება. გამოთქვა წუხილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ნაწილების არალეგალური ყოფნის და სამხედრო წვრთნების ზრდის ტენდენციაზე, მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვებზე.