„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ბუნებრივი მოკავშირეები არიან და თუ ერთმანეთში რამე უთანხმოება აქვთ, ამან დიდი გავლენა ან რაიმე სკანდალური ცვლილება არ უნდა გამოიწვიოს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
„იქ ხანდახან რაღაც გაუგებრობებია, რომელიც გარეთ გამოდის, მაგრამ ამ ორივე პარტიის არსი ძირითადად ერთი და იგივეა, დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ და დანაშაულებები, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. ასე რომ, აქ ცოტა წაკინკლავება არაფერს განაპირობებს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, საზოგადოება სამეგრელოშიც, თბილისშიც და მარნეულის რაიონშიც პროცესებს სწორად აფასებს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან ხალხი, რომელსაც გული შესტკივა, პატრიოტული განწყობების არიან და რაც მთავარია, პროფესიონალური მონაცემები გაცილებით უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე ოპონენტებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. ბობოხიძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოსთან“ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება მარნეულსა და ჭიათურაში დაარღვია.