logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: გარემოს დაცვის კომიტეტის მოწოდება ჩვენს ხედვასთან თანხვედრაშია...
- +

2 მაისი. 2019. 12:42

 

 

„ატმოსფერული ჰაერის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ტრანსპორტი, როგორც დაბინძურების წყარო“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროების შესახებ თემატური მოკვლევის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის საწვავის ხარისხი გაუმჯობესდა და ქვეყანაში უმაღლესი სტანდარტები დაინერგა.

 

„ჩვენი პოზიციაა, მომავალში რაც შეიძლება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი გამოვიყენოთ. ამის ტექნოლოგიები წლიდან წლამდე იხვეწება და უფრო ხელმისაწვდომი და იაფი ხდება. ყოველ წელს ქვეყანაში უფრო და უფრო მეტი ახალი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა გაჩნდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

ისი თქმით, შესაბამისად, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის მოწოდება სამთავრობო ავტოპარკის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩანაცვლებაზე სამინისტროს ხედვასთან თანხვედრაშია.

 

„ეს ინიციატივა და კომიტეტის მხრიდან მოწოდება ჩვენს ხედვასთან თანხვედრაშია. პირველ რიგში, სწორი მაგალითი ხალხს სამთავრობო უწყებებმა უნდა მივცეთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროების შესახებ თემატური მოკვლევის ანგარიში მოამზადა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ანგარიში 6 მაისის ბიუროს სხდომას წარედგინება.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიზანშეწონილი იქნება, თუ მთავრობა ავტოპარკის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩანაცვლებას, პირველ რიგში, სახელმწიფო უწყებების დონეზე დაგეგმავს.

 

„ამასთან, მთავრობამ უნდა იზრუნოს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის სამთავრობო დონეზე შემცირებაზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება, უპირველესად, სახელმწიფო მოხელეებმა უნდა დაიწყონ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner