„მადლობა ანალიტიკური მოხსენებისთვის, სადაც ჩანდა ის სტრუქტურული ხედვა, რასაც შს სამინისტრო ახორციელებს“, - ასე მიმართა შს მინისტრს გიორგი გახარიას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, გიორგი გახარიას გამოსვლაში ჩანდა ის სტრუქტურული ხედვა, რასაც შს სამინისტრო უწყებაში მიმდინარე სისტემური განახლების ფარგლებში ახორციელებს.
„თქვენ ახსენეთ საგზაო უსაფრთხოების საკითხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი ვალია და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მინისტრს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი ეს საკითხი. მე ვიცი, რომ ამ მიმართულებით თქვენ სხვადასხვა ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი. აღსანიშნავია კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“, რომელშიც ყველა ჩვენთაგანი უნდა ჩავერთოთ და ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.