პარლამენტში შს მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლის შემდეგ, დეპუტატების მიერ შეკითხვების დასმისას, პარლამენტის წევრ ნიკა მელიასა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის შეკამათება მოხდა.
დეპუტატებს შორის კამათი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას გამოსვლას მოჰყვა, რომელიც უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა ადგილებიდან, გარკვეული კრიტიკული რეპლიკებით შეაფასეს.
კერძოდ, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გამოყენებული სიტყვა - „უნამუსო“ არ მოეწონათ.
სიტყვიერ დაპირისპირებაში კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა ბოკერიაც ჩაერთო.
„უნამუსობა საპარლამენტო გამოსვლებისთვის მიუღებელია? იგინებით თქვენ და უნამუსობა არის მიუღებელი?“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
ამის შემდეგ ნიკა მელიამ განმარტა, რას მიიჩნევს უნამუსობად.
„უნამუსობაა აბა რა არის ადგილობრივ ავტორიტეტს რომ ელაპარაკება ცხაკაია და მერე რომ გამოვა - ვითომ არ იცნობს. უნამუსოა ის ადამიანი, ვინც ხელებს იბანს ია კერზაიას მკვლელობაზე. უნამუსოა ის ადამიანი, ვინც სპეცრაზმს შეიყვანს პანკისში, მას შემდეგ რაც სპეცრაზმი უკვე შეყვანილია“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
ვითარების განმუხტვა პარლამენტის თავმჯდომარემ სცადა და დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ამასთან, ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიასაც მიმართა და პროვოკაციების მოწყობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„მერამდენედ უნდა მოაწყოთ პროვოკაცია, ბატონო ნიკა?“, - მიმართა ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას.