„კიდევ კარგი, რომ უზრდელობის გარდა, დღეს არანაირი სხვა რესურსი არ გააჩნიათ და ღმერთმა ნუ ქნას, ეს რესურსი კიდევ მოხვდეს მათ ხელში“,- ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შს მინისტრს უსმენენ.
„შემიძლია უსასრულობამდე გავაგრძელო, სია სისასტიკის, უნამუსობის, ხეპრეობისა და რაც მთავარია, ანტისახელმწიფოებრივი კონსპირაციის, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს იმ პარტიების მიერ, რომლებიც დღეს ყველაზე აქტიურები არიან შს მინისტრისადმი შეტევის საქმეში. კიდევ კარგი, რომ უზრდელობის გარდა, დღეს არანაირი სხვა რესურსი არ გააჩნიათ და ღმერთმა ნუ ქნას, ეს რესურსი კიდევ მოხვდეს მათ ხელში ოდესმე“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
დეპუტატმა შს მინისტრს გიორგი გახარიას კითხვით მიმართა და აღნიშნა, რომ თუ მიიჩნევს მართებულად, რომ ყველა საქმე, რომელიც კასრებში აღმოჩნდა, ჩაბარდა წარსულს.
„მინდა, შეკითხვა დავსვა და ანგარიშს ვუწევ, რომ რთული და პოლიტიკური შეკითხვაა, ამ გადმოსახედიდან თუ თვლის მართებულად, რომ ყველა საქმე, რომელიც კასრებში იქნა აღმოჩენილი, ჩაბარდა წარსულს, როდესაც გადაიდგა ნაბიჯი თითქოსდა სამოქალაქო შერიგების თვალსაზრისით. ამისი წინააღმდეგი ვიყავი, აქტიურად, დიდი ხმამაღალი განცხადებებით არ გამოვსულვარ, მაგრამ დღეს მინდა ეს თემა გავიხსენო და ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე ვამბობ ამას“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.