„მე ვერ შევაფასებ პრეზიდენტის გამონათქვამს, მე გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის კითხვას, რომელიც ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხებოდა.
გახარიას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები არის როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის ჭრილში ძირითადი სტრატეგიული მხარდამჭერი.
„რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობა, როგორც უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის ნაწილში არის ამ ქვეყნის პრიორიტეტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებულად არ მიაჩნია. მისი თქმით, არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული.