შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მინისტრმა გამოსვლის დასაწყისში დავითგარეჯის მონასტრის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
„რეალურად საკმაოდ ფაქიზი, ფრთხილი საკითხია. ყველას მოგეხსენებათ რომ, ეს არის საკითხი, რომელიც მძიმედ დგას დაახლოებით 1996 წლის შემდეგ. ეს არის ქვეყნის პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და ერთმნიშვნელოვნად ყველას კარგად გვესმის, რომ დემარკაციის საკითხი არის პრინციპული საკითხი. ამ თემასთან დაკავშირებით, გარკვეული წლების განმავლობაში იყო გაურკვეველი პაუზა, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. მე შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში, ალბათ უახლოეს მთავრობაზე, ახალი დემარკაციის კომისია იქნება დაკომპლექტებული და ეს სამუშაო დაიწყება ჩვენს მეზობელთან ერთად.
კომისია სასწრაფოდ შეუდგება მუშაობას და შესაძლებელ ვადებში, ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს, რამეთუ ეს არის პოსტ საბჭოთა მემკვიდრეობა რომელიც გრძელდება უკვე ათწლეულებია. მაშინ როდესაც ყველას კარგად გვესმის, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ეს არის ჩვენი მოძმე ერი და დემარკაციის კომისიის მუშაობის ფარგლებში ჩვენ ერთად გადავწყვეტთ ყველა იმ პრობლემას რომელიც ეხება როგორც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს ასევე, შედის ჩვენი ეკლესიის ინტერესების სფეროში და აქ ორი აზრი არ არსებობს. ყველა სხვა სახის შეფასება არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული შეფასება.
ყველა ის შეფასებები ან შედარებები, რომლებიც იყო მაგალითად, რუსეთის ფედერაცია და სხვა მსგავსი - ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანას ყავს ოკუპანტი - ეს არის რუსეთის ფედერაცია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ სხვა ყველა მეზობელი იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამაში არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციალი და აქ გარკვეული კითხვის ნიშნები კი არა, გაჟღერებული არასწორი განმარტებები არის მაღალი რისკის შემცველი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დავითგარეჯის საკითხი, დარწმუნებული ვარ, რომ საზღვრის დემარკაციის ფარგლებში იქნება ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული ურთიერთობის სულისკვეთებით გადაწყვეტილი, სადაც იქნება გათვალისწინებული როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ასევე, ეკლესიის ინტერესები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.