„ორივე მხარეს გავაცნობთ იმ რისკებს და ღონისძიებებს, რაც გვექნება, რომ ქალაქში არ იყოს რაიმე გართულება“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 17 მაისთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
როგორც გახარიამ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ ძალას შორის მედიატორი ვერ იქნება.
„17 მაისთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად აცნობიერებს და აფასებს რისკებს. თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, რომ აქ შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიატორი ორ ძალას შორის ვერ იქნება. ჩვენი ამოცანაა მართლწესრიგი და დაცვა ჩვენი მოქალაქეების, თუმცა, რა თქმა უნდა, აქვე ხაზგასმით ვიტყვით, რომ წინასწარ ის ობიექტური რეალობა, რისკების შეფასება, რომელიც ჩვენ გვექნება, ორივე მხარეს გავაცნობთ და იმ პირობებს, რომელიც იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ ამ ღონისძიებების დროს, ამ დღეს რაიმე გართულება ქალაქში არ იყოს, რა თქმა უნდა, მოთხოვნის და თხოვნის სახითაც იქნება წაყენებული ორივე მხარისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.