ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინეს. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე დაკავებულია 8 პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თბილისში, კახეთის, აჭარის და იმერეთის რეგიონებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა განახორციელეს ჯამში 450 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.