შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, ავტოპარკის განახლებას განაგრძობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარ სამმართველოს 2 ახალი სამაშველო და 1 სახანძრო მანქანა გადაეცა.
ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ზაალ მიქელაძე, სამსახურის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ.
„ახალი სახანძრო და სამაშველო ტექნიკა მოსახერხებელია ვიწრო ქუჩებში სწრაფი გადაადგილებისთვის და გააჩნია ძლიერი ტექნიკური მახასიათებლები. უახლოეს მომავალში, მეხანძრე-მაშველებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით, სრულად განახლდება მათი სამუშაო ფორმებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ეტაპობრივად უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვა, მეხანძრე-მაშველების კვალიფიკაციის ზრდა და მათთვის სოციალური გარანტიების გაძლიერება“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.