„საქართველომ იცის, რომ შეიძლება, თავისი ერთგული მეგობრის, პოლონეთის იმედი და ნდობა ჰქონდეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონელ კოლეგასთან ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და პოლონეთის მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მართლაც ძალიან სასიხარულო დღეა, როცა ხვდებიან ორი ასეთი დიდი ხნის მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები. ხშირად, ასეთ შეხვედრებზე საუბარი არის იმაზე, რომ საუკუნოვანი მეგობრობა უფრო სიტყვიერი განაცხადია, ვიდრე რეალური. ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის. პოლონეთი და საქართველო ურთიერთობის, მეგობრული, ხალხთა შორის ურთიერთობების უამრავ საუკუნეს ითვლიან. საქართველოში პოლონელები ჩამოდიოდნენ, როგორც მეგობრები, აშენებდნენ არქიტექტურულ ძალიან საინტერესო შენობებს – კონსერვატორია, სასამართლო, კიდევ ძალიან ბევრი სხვა ძეგლი დაგვიტოვეს და დღესაც შემოდიან როგორც მეგობრები. მთავარი ის არის, რომ დღევანდელ რთულ მსოფლიოში, რომელშიც ვიმყოფებით და ძალიან რთულ გარემოში, რომელშიც იმყოფება საქართველო, საქართველომ იცის, შეიძლება, ყველა მიმართულებით ჰქონდეს იმედი, ნდობა თავისი ერთგული მეგობრის, პოლონეთის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მსგავსი შემთხვევა ძალიან იშვიათია, როცა ყველა საკითხში გყავს მეგობარი, რომელიც სიტყვიერად და ფაქტობრივად მზად არის, დაგეხმაროს და გვერდით დაგიდგეს.
„ვფიქრობ, ასეთი სხვა ქვეყანა საქართველოს არ გააჩნია და ეს იცის საქართველოს მოსახლეობამ. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც მან განაცხადა, პოლონეთი საქართველოს გვერდით დგას ომსა და მშვიდობაში.
„ომში დაამტკიცეთ და ჩვენ არ დაგვავიწყდება 2008 წელს თქვენი პრეზიდენტი საქართველოში, ყველა ფორმატში და ყველა ფორუმზე მისი და შემდეგ თქვენი განცხადებები, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი. ეს გრძელდება დღემდე. იმაზეც იყო საუბარი, რომ ყველა ფორმატში, გაერო თუ ევროსაბჭო, ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა იქნება, რათა რეზოლუციები, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, იყოს მხარდაჭერილი და უფრო ეფექტიანი. მშვიდობაში – რადგან ეს გვერდით დგომა ნიშნავს, რომ ჩვენ ევროკავშირში, ნატო-ში გვყავს პარტნიორი, მოკავშირე, რომელიც ყოველთვის მზად არის, გზა გაგვიხსნას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ამის მთავარი მაგალითი შეიძლება იყოს ის, რომ დღეს 7 მაისს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წელი სრულდება.
„ეს წამოწყებული იყო სწორედ პოლონეთისა და შვედეთის მიერ. ახლა ვდგავართ ეტაპზე, როცა უნდა განახლდეს, ახალი ფორმები მიიღოს ამ პარტნიორობამ, რომელმაც 10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შეძლო საქართველოსთვის. ჩვენ მივიღეთ პარტნიორობა, შემდეგ ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და ვიზალიბერალიზაცია. უზარმაზარი ნაბიჯები გადავდგით სწორედ ამ მხარდაჭერით და გვაქვს ამბიცია, უფრო შორს წავიდეთ. გუშინ თბილისში ევროკავშირის ელჩი ამბობდა, რომ საქართველო ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ევროკავშირთან და ევროკავშირის ღია კართან. მართლაც ასე ვართ, მაგრამ ბოლო ნაბიჯები მაინც გადასადგმელია და კიდევ დაგვჭირდება სწორედ პოლონეთის მხარდაჭერა, რომელსაც გვპირდებით, ბატონო პრეზიდენტო“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ანჯეი დუდას.
მისი თქმით, ეს მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს იქნება სწორედ ის სექტორული თანამშრომლობა და შესვლა ყველა ფორმატსა და პროგრამაში, სადაც შეიძლება, საქართველომ თავისი ადგილი დაიკავოს. ეს იქნება სამი ზღვის ფორმატი, ევრომედის ფორმატი, ტრანსპორტის პროგრამები, განათლებისა თუ კულტურის პროგრამები, სადაც უკვე ვართ პრაქტიკულად შესული და სადაც დღეს გვაქვს ამბიცია, რომ სრულ წევრად ვიყოთ აღიარებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება ნატო-ს, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აღინიშნა, რომ ნატო-ს საკონტაქტო პუნქტი არის პოლონეთის საელჩო, ძალიან აქტიური ელჩი და საელჩო, რომელიც გვერდით უდგას საქართველოს.
„ისიც აღსანიშნავია, რომ ნატო დღეს მოდის საქართველოსკენ, რადგან შავი ზღვა გახდა ერთ-ერთი მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით. საქართველო მზად არის, ამაში მიიღოს სრული მონაწილეობა და ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვიზრუნოთ, რომ შავი ზღვა მართლაც დარჩეს მშვიდობიან ზღვად, უსაფრთხოების ზღვად და აქ არ შემოვიდეს კონფრონტაცია და კონფლიქტები, რაც ხელს არ შეუწყობს ხიდს, რომელიც უნდა არსებობდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ანჯეი დუდა ზაფხულში, ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე მიიწვია.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითრებასაც შეეხო საუბარი. მისი თქმით, ომმა, ყოველდღიურმა პროვოკაციებმა და ზეწოლამ ვერ შეუცვალა საქართველოს თავისი მთავარი მიმართულებები – ევროკავშირისა და ნატო-ს, ასევე ეკონომიური მიმართულებები.
„ეს არის ჩვენი გამარჯვება და ეს არის რუსეთის დამარცხება. ამ გამარჯვების გზაზე უნდა გავაგრძელოთ სიარული ჩვენს მეგობრებთან და მხარდამჭერებთან ერთად“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზეც ისაუბრეს. „ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, რომ ეს იქნება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია თუ ჰუმანიტარული და დევნილების საკითხებზე რეზოლუცია გაერო-ში, ყველა ამ მხრივ უფრო აქტიური თანამშრომლობა გვექნება, რათა ეს დოკუმენტები მეტად ეფექტიანი იყოს და მეტი მხარდაჭერა მიიღოს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მან საქართველო-პოლონეთის ორმხრივ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაიზრდება.
„კულტურაზეც ვისაუბრეთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი შეთავაზება – პოლონეთის წელი საქართველოში და საქართველოს წელი პოლონეთში დადებითად და პოზიტიურად იყო მიღებული. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტებია. ორმხრივი ასევე ნიშნავს რეგიონული ურთიერთობების განვითარებას, რადგან ეს არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება, ქვეყანა განვითარდეს სრულყოფილად თავის რეგიონებთან ერთად და არა რეგიონების მივიწყებით. გვინდა, ეს გამოცდილება მივიღოთ და ჩვენც გამოვიყენოთ ჩვენი რეგიონების განვითარებისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ამასთან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია დროებითი მიგრაცია.
„ორმხრივ საკითხებში ასევე არის დროებითი მიგრაცია. პოლონეთმა შეძლო, რომ აქვს ძალიან დაბალი უმუშევრობის მაჩვენებლები. ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა და ძალინ მნიშნველოვანია, რომ პოლონეთთან დავიწყეთ სწორედ არამხოლოდ მუშაობა, უკვე პირველი მაგალითები გვაქვს, როგორ შეიძლება დროებითი მიგრაცია იყოს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული საშუალება, რათა არალეგალური მიგრაციაც დავამარცხოთ საბოლოოდ და პროფესიული კვალიფიკაციაც ავამაღლოთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი შეფასებით. ამაში პოლონეთის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„მინდა, ეს ყველაფერი რამდენიმე სიტყვაში შევაჯამო – მეტი ევროპა, მეტი ნატო და მეტი პოლონეთი საქართველოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
სალომე ზურაბიშვილისა და ანჯეი დუდას შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებულ ფორმატში გამართეს.