2019 წლის 10 მაისს, პროექტის „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“, ფარგლებში გამარჯვებული ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაჯილდოვდებიან. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
პროექტი ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტის ENIGMMA (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) ორგანიზებით და მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები და მოღვაწე თანამემამულეების და უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების გამოვლენას, ვისაც საკუთარი საქმიანობით წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარების, საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტის, მეცნიერების პოპულარიზაციაში.
აღსანიშნავია, რომ კანდიდატებს დაჯილდოების ცერემონიისთვის წარმოადგენს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორა და გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია, შემდეგ ნომინაციებში: ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილი; მეცნიერებაში შეტანილი წვლილი; საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილი; ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილი, სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილი და საქართველოს უცხოელი მეგობარი.
გამარჯვებული ჯილდოვდება ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭედლობის და საქართველოს მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანეს ნიმუშის, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის ასლით. დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია ქ.თბილისის საკრებულოში გაიმართება.