logo_geo
eng_logo
31-ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) დაიწყო
- +

10 მაისი. 2019. 13:11

 

III-ე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ოფიციალურად ჩაერთო. მეოთხე როტაციის გახსნის ცერემონიალს ვაზიანში, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

თავდაცვის მინისტრმა პირად შემადგენლობას სწავლების დაწყება მიულოცა. ლევან იზორიამ ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა რომ, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წევრობა არის საქართველოს დაცულობის და თავისუფლების გარანტი.

 

„III-ე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი GDRP-ის ფარგლებში მომზადებას 13 კვირის განმავლობაში გაივლის და წვრთნას 2 აგვისტოს დაასრულებს. ბატალიონის მომზადებაზე პასუხისმგებელი საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC-Combat Training Center) ინსტრუქტორები და აშშ-ის ევროპის სარდლობის I ქვეითი დივიზიის ინსტრუქტორთა ჯგუფი „ყორანი“ იქნება.

 

31-ე ბატალიონი GDRP-ის ფარგლებში წვრთნებს ასეულის და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, ძირითადად ვაზიანის და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში, დღისა და ღამის პირობებში გაივლის. სწავლება ოთხ ფაზად დაიყოფა, სადაც ყურადღება თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, ასევე წვრთნების მენეჯმენტსა და საბრძოლო სროლებს დაეთმობა.

 

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) უშუალოდ ჩართვამდე 31-ე ბატალიონმა წინა მოსამზადებელი 6-თვიანი სწავლება სენაკსა და ნორიოში ინდივიდუალურ, ათეულისა და ოცეულის დონეზე გაიარა“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner