logo_geo
eng_logo
პროკურატურა: ტერორიზმის იდეოლოგიის პროპაგანდა ხდება ინტერნეტის, სოციალური ქსელების და სხვადასხვა გზების მეშვეობით
- +

15 მაისი. 2019. 13:16

 

 

„ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის 2015-2016 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 11 პირის მიმართ, ხოლო 2017-2018 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და გამამატყუნებელი განაჩენი დადგა 3 პირის მიმართ“, - ამის შესახებ გენერალური პროკურატურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

 

„თანამედროვე მსოფლიოსთვის ტერორიზმი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას. საქართველოში, როგორც ახლო აღმოსავლეთის მოსაზღვრე რეგიონში, აისახა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მოვლენების გავლენა. სამწუხაროდ, საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა შეიძინა, რომლებიც თურქეთის გავლით გადადიოდნენ სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებად ტერიტორიაზე და იბრძოდნენ მის რიგებში. მიუხედავად იმისა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენა მნიშვნელოვნად შემცირებულია, მისგან გამომდინარე ნეგატიური პროცესები დღესაც უარყოფითად მოქმედებს ანტიტერორისტული მიმართულების კუთხით.

 

ჩვენს წინაშე წარმოიშვა ტერორისტული მიზნებისთვის როგორც საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გამგზავრების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო მიზნით შესაძლო გამოყენების პრობლემა. ამ კატეგორიის დანაშაულთა ანალიზმა ცხადყო, რომ ტერორიზმის იდეოლოგიის პროპაგანდა და განმტკიცება ხდება ინტერნეტის, სოციალური ქსელების და სხვადასხვა გზების მეშვეობით. რიგ შემთხვევაში ამავე ხერხით ხდება ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისკენ მოწოდებაც. საქართველოს პროკურატურის და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადაიდგა. მოხდა ზემოთხსენებული საქმიანობით დაკავებულ პირთა ქმედებების სამართლებრივი შეფასება და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. ნოვაციურმა მიდგომამ და შესაბამისმა პრევენციულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა პირთა მიგრაცია, როგორც ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოში“, ასევე სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებში. შემცირდა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერთა რაოდენობაც და საქართველოში მათი გავლენები მნიშვნელოვნად შესუსტდა. ზემოთხსენებული მიდგომის დადებითი კონტექსტი აისახა ამ კატეგორიის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელშიც“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის ანგარიშში.

 

რაც შეეხება მთლიანად ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებს, უწყების ინფორმაციით, 2018 წლის 1 იანვრიდან 30 დეკემბრამდე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ, აქედან 7 პირის მიმართ უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო ერთი პირის მიმართ მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner